მივიწყებული ისტორია(რესპუბლიკა)

XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში, წარმოიშვა რევოლუციური კერები და შეიქმნა რესპუბლიკები, რომლებმაც სულ ცოტა ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორიც გურიის რესპუბლიკას ჰქონდა. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთი იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტიურად გახდა დამოუკიდებელი, რომელსაც მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გლეხთა რევოლუციური მოძრაობა 1905 წელს ე.წ ,,გურიის რესპუბლიკად” ჩამოყალიბდა. ოცნება, რუსული ინტელიგენციისა, რომელსაც რამოდენიმე თაობა გადაყვა, საქართველოში ასრულდა – გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურიამ რევოლუცია განახორციელა. გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები ,,გურია” და ,,გურული მუშები და გლეხები” მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა თუმცა რუსეთის იმპერიამ შეძლო ამბოხებული გურიის სისხლში ჩახშობა. მარტო გურია ვერ გაუმკლავდებოდა ისეთ ძლიერ, ულმობელ და ცბიერ მოწინააღმდეგეს, როგორიც რუსეთია, რომელიც დიდი წარმატებით იყენებდა ”დაყავი და იბატონე” პოლიტიკას და ახლაც აგრძელებს.

ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. მაზრაში საკმაოდ ძლიერი იყო ოპოზიციური განწყობები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ასევე მაღალი იყო სოციალ-დემოკრატიული იდეების მხარდაჭერა.

1903 წლის მაისში ბათუმში გაიმართა გურიაში მომუშავე სოციალ-დემოკრატთა კონფერენცია,რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე წულუკიძე. უმიწო გლეხებმა 1903 წელს შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთან მუშაობაზე.

1904 წლის 1 მაისს რამდენიმე სოფელში მოეწყო შეიარაღებული დემონსტრაცია. 1904 წლის 23 მაისს გაიმართა გურულ სოციალ-დემოკრატთა მეორე კონფერენცია. სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის გავრცელების მიზნით ასკანა-მთისპირში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელმაც 1907 წლის 17 ივნისამდე იმუშავა. სტამბას სევასტი თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.

1905 წლის დასაწყისში ყველა სოფელში შეიქმნა გლეხთა ასეულები. მაზრაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა გაზეთი „ვპერიოდი”, რომლის რედაქტორი იყო ლენინი. 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. გურიაში აირჩიეს საკუთარი მოსამართლეები და ჩამოაყალიბებს სასოფლო თემები. 1905 წლის თებერვლისთვის გურია მთლიანად რევოლუციონერთა კონტროლქვეშ იყო.

გურიაში 11 თებერვალს გაიგზავნა სადამსჯელო რაზმი 10 000 ჯარისკაცის შემადგენლობით გენერალ ალიხანოვ ავარსკის მეთაურობით. რაზმი სადგურ ნატანებში დაბანაკდა.

1905 წლის ივლისში ფარცხმელმა ესე ცინცაძემ გურიაში საჯავახოდან ერმილე დოლიძის ეტლით იოსებ სტალინი ჩამოიყვანა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კრებებსა და დისკუსიებში. მიტინგებზე მიმდინარეობდა პაექრობა და კამათი მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. ასეთი მიტინგები გაიმართა შუაფრაცხმაში, სადაც 3000 ადამიანი შეიკრიბა, იანეულში, სადაც 1000 ადამიანი შეიკრიბა, ამ კრებას ნიკო მარი ესწრებოდა, რომელიც რევოლუციონერთა ორგანიზებულობით მოხიბლული იყო, ხიდისთავში, სადაც ასეთი გამოსვლის აღსანიშნავად მოგვიანებით აღმართეს ობელისკი. 1905 წლის 5 აგვისტოს შედგა დიდი კრება ვაკიჯვარში, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრო. აგრეთვე დიდი მიტინგი გაიმართა ჩოხატაურში, რომელზეც 7-8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 15 აგვისტოს გაიმართა მიტინგები დვაბზუსა და ბახვში. გურიის გლეხობის მოძრაობას მაღალი შეფასება მისცა ლენინმა.

მეფის მთავრობის ჯარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა გურიის ტერიტორია ივლისში.

აჯანყებულებმა 1905 წლის ოქტომბერში მოიგეს ნასაკირალის ბრძოლა. ბრძოლას ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ნოემბერში აჯანყებულებმა დაიკავეს ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი, რკინიგზა, აიღეს მაზრის ცენტრი ოზურგეთი და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკის შექმნა. პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი გამოცხადდა.

გურიის დასასჯელად ხერსონიდან გამოიძახეს პოლკოვნიკი კრილოვი. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიცია ჩავიდა სადგურ ნატანებში, საიდანაც ქალაქ ოზურგეთისკენ გაემართა.

გურიის კომიტეტმა კრილოვთან დეპუტაცია გაგზავნა, რომელმაც ითხოვა ეპატიება გურულებისთვის. კრილოვი მათ პატიებას დაპირდა და დეპუტაციას აღუთქვა, რომ მშვიდობიანი გზებით იმოქმედებდა. 11 იანვარს კრილოვი ოზურგეთში შევიდა და დაპირების მიუხედავად ქალაქი გადაწვა: ცეცხლი წაუკიდა მაღაზიებსა და აჯანყებაში შემჩნეულების საცხოვრებელ სახლებს. ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ კრილოვი ხვდებოდა თემების უხუცეს წარმომადგენლებს და მათ სთხოვდა იარაღის ჩაბარებას. კრილოვის სისასტიკემ უნაყოფოდ ჩაიარა. მან ვერ დაიმორჩილა გურია. იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი პოლკი, გურია და გაბრუნებულიყო კიევში.

გურიის რესპუბლიკის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიება მინდობილი ჰქონდა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ს. სიონკევიჩს.

სასამართლო პროცესი, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ოდესაში გამართეს, გაასამართლეს აჯანყების ხელმძღვანელები: ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი, გიორგი მამულაიშვილი, ანტონმ ლომჯარია, მოსე ტუღუში, სიმონ ტოტოჩავა, სერგო სურგულაძე, პარმენ თოთიბაძე, სიმონ ღლონტი, კარლო ლომაძე და სხვები. ბენია ჩხიკვიშვილს ოთხი წელი კატორღა მიესაჯა.

გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები ,,გურია” და ,,გურული მუშები და გლეხები” მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა.

ბენია ჩხიკვიშვილი მომავალში თბილისის პირველი მერიც გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში და აქტიურად დაუპირისპირდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციას.