მივიწყებული ისტორია

გურული ჩაის ისტორია:

გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს მამია მეხუთე გურიელის ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. 15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმნის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა.

მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის ბუჩქები გადარგეს გორაბერეჟოულში, მემამულე მიხეილ ერისთავის მამულში. ერისთავი ჩაის კულტურის დამფასებელი იყო. მან პირველად ჩაი ჩინეთში ნახა და დააგემოვნა და გადაწყვიტა ის საქართველოში გაეშენებინა. გადმოცემის თანახმად, იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის ნერგის ან თესლის გატანა აკრძალული იყო, ამიტომ ერისთავს ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩაუყრია ისე გამოუტანია ჩინეთიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და 1864 წელს პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.

უკვე 1900 წელს საქართველოში არსებული ჩაის 23 საცდელი ნაკვეთიდან ყველაზე მეტი, 9 ნაკვეთი ოზურგეთის მაზრაში მდებარეობდა.

გურიაში ჩაის აწარმოებდა „საუფლისწულო საზოგადოებაც“. ოზურგეთის მაზრაში მათი საცდელი პლანტაციების გაშენება აგრონომ ტიმოფეევს ჰქონდა მინდობილი. 1900 წლის 21 მაისს „ივერია“ წერდა:
„საუფლისწულო უწყება ამ წელს გურიის პლანტაციებიდგან 5000 გირვანქა ჩაის მოკრეფას ელის. ხოლო მერმის 20 ათას გირვანქის იმედი აქვს“
1913-18 წლებში გურიაში გაზარდა ჩაის პლანტაციები, მაგრამ 1918 წლისთვის დაეცა ჩაის წარმოება 50 პროცენტით. 1921 წელს საშუალო მოსახვლიანობა ერთ ჰექტარზე იყო 500 კგ.

სოფელ ასკანაში ჩაის აწარმოებდა ცნობილი მეღვინე სოლომონ ჭეიშვილი. ჭეიშვილს ჩაი გაჰქონდა რუსეთის ქალაქებში. მისმა ჩაიმ ქების სიგელი დაიმსახურა 1914 წელს მოსკოვში.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1924 წლისთვის გავრცელებული იყო მეტწილად ჩინური ბუჩქები, ნაწილობრივ იაპონური და ინდურიც. მოხდა ბუნებრივი ჰიბრიდიზაცია და მიღებულ იქნა ჰიბრიდი „ბათუმის ჩაი“. სწორედ ეს გაშენდა საბჭოთა პერიოდში გურიასა და აჭარაში. პირველი ფაბრიკები საბჭოთა ხელისუფლების დროს მოქმედებდა ზედუბანსა და ოზურგეთში.

კოლექტივიზაციის შემდეგ საბჭოთა პერიოდში ჩაი იქცა გურიაში გავრცელებულ N1 კულტურად. 1933 წელს მოიკრიფა 138 870 კილოგრამი ჩაის ფოთოლი. ყველა დიდ სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა, ყველა სოფელში იყო ჩაის პლანტაციები და ჩაის მიმღები პუნქტები. ანასეულში შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი. ჩაიმ განდევნა მანამდე გავცელებული ყველა ტრადიციული სასოფლო სამეურნეო კულტურა (ღომი, ვაზი და სხვ.). საბჭოთა პროპაგანდა მეჩაიეობის განვითარებას საბჭოთა სახელმწიფოს უდიდეს წარმატებად აცხადებდა. 1958 წელს ჭანიეთის, ლაითურისა და ლიხაურის მეურნეობებში პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანები. წარმოებული ჩაის რაოდენობის ზრდა პროდუქცტის ხარისხის გაუარესების ხარჯზე ხდებოდა.