ნგრევის პირას მდგომი შენობები

თანამედროვე ყოფის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახლებული პუნქტების მოწესრიგება, მის იერ-სახეზე ყოველდღიური ზრუნვა მიიჩნევა. უფრო მეტიც, ეს ის საკითხია, რომელიც ადამიანის თითოეულ დღეს მოიცავს და შესაბამისად, წარმართავს ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებას.

ჩემი ფიქრები მშობლიურ ქალაქს, ჩემს ოზურგეთს გადასწვდა. ქალაქის ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების განმავლობაში ჩამოყალიბდა საკმაოდ ორიგინალური, თავისებურად ლამაზი არქიტექტურა, ტრადიციული ნაგებობებითა და სიმწვანის ელემენტებით. ყოველივე ამას, ერთი მხრივ, ესთეტიკური, მეორე მხრივ, ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ იკვეთება კიდევ ერთი მხარე, ჩემს უძველეს ქალაქში არაერთი მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობაა, რომელიც საფრთხის შემცველია თითოეული მოქალაქისათვის, განსაკუთრებით კი-მოზარდებისთვის, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ შენობათა ნაწილი დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული და ბუნებრივია, ისინი ხელისუფლებისა და საზოგადოებისაგან გაცილებით მეტ ყურადღებას ითხოვენ, უფრო მეტიც, თითოეული ოზურგეთელისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი მოწესრიგება, სულ ცოტა, საფრთხის შემცირება მაინც. როგორ შეიძლება, მაგალითად, პიროვნებამ იფიქროს და იზრუნოს მაღალ სულიერ ფასეულობებზე, თუკი იცის, რომ საკუთარ ქალაქში უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდება? ან კიდევ, მხიარულად მოთამაშე ბავშვებს, ერთი შეხედვით, სრულიად უპრობლემო სიტუაციაში, შესაძლოა, უნებლიეთ საფრთხე შეექმნათ? მაგალითად როგორც შეექმნა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ უბანში მიტოვებულ შენობასთან მისულ მე-6 კლასის მოსწავლე ბიჭს, თამაშის დროს გადავარდნილი ბურთის გამოტანისას?

თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით თითქოს უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ მოწესრიგდა, გაკეთდა ახალი სკვერები, დაირგო ნარგავები, თუმცა, ბევრი რამ კიდევაა გასაკეთებელი და როგორც ადამიანის უსაფრთხოებაზე, ისე ბუნებასა და ზოგადად გარემოზე, ქალაქის იერ-სახეზე, უარყოფითად აისახება. მაგალითად, ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს მიტოვებული, ნგრევის პირას მისული შენობები, ფასადები, რომლებმაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოება ძირითადად გულგრილია ასეთი შენობების მიმართ, აღიქვამენ მათ, როგორც ჩვეულებრივ, უმნიშვნელო ნაგებობას – ამასთან დაკავშირებით მახსენდება ზემოთ აღნიშნული ამბავი. კერძოდ, დაშავებული ბიჭის დედის კომენტარი მომხდართან დაკავშირებით, ის გაოცებული იყო ამ ფაქტით, რადგან, მისი თქმით, ბავშვები მუდამ აქ თამაშობდნენ და როგორ წარმოიდგენდა, თუ შენობა ასეთი საფრთხის შემცველი იყო…

ამიტომ, მსგავსი ტრაგედიისაგან ჩვენი თანაქალაქელები რომ დავიცვათ, სულ მცირე (რისი გაკეთებაც შეგვიძლია) პრევენციულ ზომად მიმაჩნია, რომ დანგრევის პირას მისული შენობებისა და ფასადების ახლოს აღვმართოთ გამაფრთხილებელი პოსტერები წარწერით:
,,შესვლა სახიფათოა სიცოცხლისათვის!!!’’

ასე რომ, მოხალისეობა მართლაც ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა რათა შევცვალოთ საზოგადოების შეხედულება ამ, ერთი შეხედვით, თითქოს და უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ფაქტის მიმართ.